Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მუდმივი განახლების შესაძლებლობა-ახალი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება

უკვე ორი ათწლეულია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ მას შემდეგ ერთი წუთითაც არ დავშორებივარ უნივერსიტეტს: სტუდენტობის შემდეგ, როგორც მოწვეული ლექტორი, შემდგომ ასისტენტ-პროფესორი და დღეს უკვე ასოცირებული პროფესორი ვარ,“ - ასე აღწერს თსუ-სთან ურთიერთობას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ელისაბედ ბჟალავა.

 

 აკადემიურ საქმიანობასთან ერთად,  ელისაბედი წლების განმავლობაში უნივერსიტეტში სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზეც მუშაობდა: სხვადასხვა პერიოდში იყო სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი, სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, ამჟამად კი უნივერსიტეტის სენატის წევრია.  უნივერსიტეტთან ურთიერთობას ახალგაზრდა მკვლევარი თავად გვიყვება.

 

 „ნარჩიტას“ სიყვარულით

 

ჩემი პროფესიული გზა თურქოლოგიაში საკმაოდ უბრალო, თითქოს შემთხვევითი გამოცდილებით დაიწყო: როდესაც პირველად ვნახე თურქული სერიალი „ნარჩიტა“, გამიჩნდა სურვილი უფრო ახლოს გამეცნო თურქული ენა და კულტურა. რაც უფრო სიღრმისეულად ვეუფლებოდი თურქულ ენას, მით უფრო იზრდებოდა ჩემი ინტერესი  და პროფესიული მოტივაცია. დღეს უკვე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თურქოლოგია ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის - ესაა ცხოვრების სტილი, რომელიც მაძლევს საშუალებას ვასწავლო, ვიკვლიო, ყოველდღე რაღაც ახალი აღმოვაჩინო და ეს ყველაფერი გავუზიარო მომავალ თაობებს.

 

1995 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე და 1999 წელს მივიღე ბაკალავრის ხარისხი თურქული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და თარჯიმნის კვალიფიკაციით. სწავლა იმავე წელს გავაგრძელე მაგისტრატურაში და 2001 წელს უკვე ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ვიყავი. 2001 წელს ჩავირიცხე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურაში, სადაც ვიმუშავე თემაზე — „ძირეული ზმნები და რეციპროკი  თურქულ ენაში“ (რეციპროკი იგივე  ერთობლივ-საურთიერთო მოქმედება).

 

ჩემს სადისერტაციო ნაშრომში, სათანადო თეორიული ანალიზისა და ფართო ემპირიული მასალის საფუძველზე, შევეცადე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ თურქული ენის მორფოლოგიური სტრუქტურა სრულად ვერ თავსდება წმინდა აგლუტინაციური ტიპის ჩარჩოში. წარმოდგენილი კვლევა ადასტურებს, რომ თურქულში აგლუტინაციურ მახასიათებლებთან ერთად სისტემურად ვლინდება ფლექსიური ელემენტებიც, რაც საფუძველს იძლევა იგი განვიხილოთ როგორც აგლუტინაციურ-ფლექსიური ტიპის ენა. ამგვარი მიდგომა არსებითად განსხვავდება იმ ტრადიციული შეხედულებისგან, რომელიც თურქულ ენას მხოლოდ აგლუტინაციურ ტიპს მიაკუთვნებდა და რომელიც დღემდე ფართოდ არის გავრცელებული შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში.

 

 2006 წელს წარმატებით დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. თუმცა, თუ გულწრფელად ვიტყვი, ჩემი უმაღლესი განათლება ამით არ დასრულებულა, პირიქით — სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის უწყვეტი, ყოველდღიური სწავლა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებ. ჩემი პროფესიის მუდმივი განახლების შესაძლებლობას უნივერსიტეტი მაძლევს — უფრო სწორად კი, ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, რომელსაც ყოველთვის მოაქვს ახალი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება.

 

    თურქი ოფიცრების ქართველი მასწავლებელი


 ჩემი პირველი საერთაშორისო გამოცდილება 2002 წელს იწყება. ამ პერიოდში უკვე ვსწავლობდი ასპირანტურაში და პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენათა ცენტრში თურქული ენის მასწავლებლად. ამ პოზიციაზე ჩემი კოლეგის რჩევითა და რეკომენდაციით მოვხვდი, რისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ მისი.

 

ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თურქ ოფიცრებს უნდა გაეწვრთნათ ქართველი ოფიცრები ნატოს სტანდარტების შესაბამისად. იმისათვის, რომ ქართულ მხარესთან სამხედრო თანამშრომლობა ეფექტიანად წარმართულიყო, საჭირო გახდა თურქ ოფიცრებს სცოდნოდათ ქართული ენა მინიმალურ დონეზე მაინც, რათა  ბრძანებების ქართულად გაცემა შესძლებოდათ.

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ენათა სკოლაში სხვა ენებთან ერთად დღესაც ისწავლება ქართული ენა. წლობით ამ კურსს ხელმძღვანელობდა მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი ერსინ ქაია (არსენა მაკარაძე). სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავების ეტაპზე გახდა აუცილებელი ქართველი სპეციალისტის ჩართვა, და ამ საქმისთვის არჩევანი ჩემზე შეჩერდა.

 

ასე დაიწყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ: 2002–2003 წლებში სტამბოლის ენათა სკოლაში თურქ ოფიცრებს ვასწავლიდი ქართულ ენას, ხოლო 2003–2004 წლებში იმავე პროგრამის ფარგლებში უკვე ანკარაში ვაგრძელებდი მუშაობას.

 

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2014 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მივლინება, რომელიც განხორციელდა ევროკავშირში გაწევრიანების წინაშე მდგომ საქართველოსა და მოლდოვისთვის გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო პროექტის (IRSES) ფარგლებში. ვილნიუსში იქ მცხოვრებ ყარაიმებს და მათ ენობრივ პოლიტიკას ვიკვლევდი.

 

2016 წელს იმავე პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მომეცა მემოგზაურა და მეკვლია გაგაუზები. აქ მნიშვნელოვანია  ის ფაქტი, რომ როგორც ყარაიმები, ასევე გაგაუზები თურქულენოვანი, თუმცა არა მუსლიმი ხალხები არიან, რომელთა წარმოშობის საკითხი დღემდე დავის საგანია.  მოლდოვაში ყოფნისას, პირადად მოვინახულე გაგაუზიის ავტონომიური ოლქის ყველა სოფელი, ჩავიწერე რესპონდენტები, შევაგროვე მრავალფეროვანი ვიზუალური და ენობრივი მასალა, რომელიც შემდეგ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაზე წარმოვადგინე. საქართველოში ამ თემაზე ძალზე ცოტა მკვლევარი მუშაობს, ამიტომ მივიჩნევ, რომ ამ სფეროში ჩატარებულმა კვლევამ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

 

სწორედ ამ მასალამ მომცა შესაძლებლობა შემექმნა უფრო აკადემიურად გამართული სილაბუსი მაგისტრატურის კურსისთვის „თურქული ენის ისტორია“, რომელსაც დღესაც ვავითარებ.

 

2016–2017 წლებში ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, კვალიფიკაცია ამემაღლებინა ვენეციის „კა’ ფოსკარის“ უნივერსიტეტში და საფუძვლიანად შემესწავლა უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიური ბაზა — როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტებით. ეს ცოდნა დღეს უშუალოდ მეხმარება სწორი სწავლების მეთოდების, სტრატეგიების და სასწავლო მიდგომების შერჩევაში.

 

დღეს უკვე ვთვლი, რომ ის გზა, რაც გავიარე მხოლოდ აკადემიური წინსვლა არ ყოფილა; ის  ჩემი პროფესიული თვითიდენტობის ჩამოყალიბების და  მომავალი კვლევების საფუძველი გახდა.

 

2023 წლიდან ვარ თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის საბჭოს (YÖKAK – Yükseköğretim Kalite Kurulu) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი.

 

თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის საბჭო (Yükseköğretim Kalite Kurulu – YÖKAK) დაარსდა 2015 წელს, ხოლო 2017 წლიდან ფუნქციონირებს როგორც ინსტიტუციურად დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანო, რომლის ძირითადი მისიაა თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და აკრედიტაციის პროცესების განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დღეისათვის YÖKAK აფილირებულია და აქტიურად თანამშრომლობს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ENQA (European Association for Quality Assurance in Higher Education), EQAR (European Quality Assurance Register for Higher Education), APQN (Asia-Pacific Quality Network), CHEA (Council for Higher Education Accreditation), INQAAHE (International Network for Quality Assurance Agencies in Higher Education) და IQA.

 

უშუალოდ ჩემი მონაწილეობით უკვე ორმა თურქულმა უნივერსიტეტმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ჩემთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან შესაძლებლობას პროფესიული უნარების განვითარების, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. YÖKAK-ში მუშაობამ მომცა უნიკალური გამოცდილება სისტემური შეფასების განხორციელებაში, კვლევითი უნარების გაღრმავებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩემთვის მუდმივი, შემოქმედებითი გამოწვევაა, რომელიც  ჩემს პროფესიულ შესაძლებლობებს აძლიერებს.

 

 როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოდან თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის საბჭოში საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით წარმოდგენილი მხოლოდ  მე ვარ.

 

საზაფხულო ბანაკები როგორც ცოდნის გაღრმევების საშუალება


 ქართული თურქოლოგიის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 2024–2025 წლებში განხორციელებულ ინიციატივებს, რომლებმაც არა მხოლოდ პრაქტიკული თურქული ენის სწავლებას, არამედ კულტურული-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყო ხელი.

 

ქართული თურქოლოგიის ისტორიაში პირველი საზაფხულო ბანაკი 2024 წლის 21–27 ივლისს, სვანეთში, დაბა მესტიაში გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის ეგიდით ორგანიზებული „თურქული ენის“ საზაფხულო ბანაკის პროგრამა აერთიანებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ კომპონენტს. ბანაკის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა თურქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის თურქული ენის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და თურქული კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიული თავისებურებების გაცნობა.

 

ხუთდღიანი კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ქართველი და თურქი პროფესორების ლექციები, მონაწილეობა მიიღეს სემინარებში, დაესწრნენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, გაეცნენ სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობას და ადგილობრივ რიტუალებს, მონაწილეობდნენ სვანური და თურქული სამზარეულოს თემატურ კულინარიულ აქტივობებში. პროექტმა მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა, რამაც სტიმული მოგვცა შემდეგ წელს უფრო მასშტაბური გაგვეხადა.

 

2025 წელს ბანაკმა „კულტურათა დიალოგი“ უკვე ლაგოდეხში, თსუ-ის თურქოლოგიისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სტუდენტების მონაწილეობით ჩაიარა. პროექტმა მოლოდინებს გადააჭარბა და  იქცა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ მეგობრულ, თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ინტერკულტურული გამოცდილების სივრცედ. 

 

განსაკუთრებით მსურს შევეხო 2021 წელს, კოვიდ-პანდემიის პირობებში, თსუ თურქოლოგიის კათედრისა და თურქეთის საელჩოს განათლების მრჩევლების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებულ პირველ ონლაინ სემინარს „ქართული თურქოლოგია — წარსული, აწმყო, მომავალი“, რომელშიც 60-მდე ქართველი თურქოლოგი მონაწილეობდა. დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად განხილულ იქნა თანამედროვე გამოწვევები, სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სწორედ ამ სემინარზე გამოკვეთილი საჭიროებები გახდა შემდგომი პროექტების — მათ შორის, საზაფხულო ბანაკების და სამეცნიერო კრებულის საფუძველი.

 

2014 წელს ჩემი და ჩემი კოლეგის — თეონა აფხაზავას თანაავტორობით გამოიცა თურქული ენის სახელმძღვანელო. აღნიშნული გამოცემა სრულ შესაბამისობაშია ენების ფლობის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მოთხოვნებთან და მოიცავს A1–A2 დონეებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია თურქული ენის შესწავლით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები და საბაზისო დონის შემსწავლელთათვის.

 

აღნიშნულ ნაშრომს საფუძვლად უდევს ქართული თურქოლოგიური სკოლის მდიდარი და მრავალწლიანი ტრადიცია. მას წინ უძღოდა ამ დარგის კორიფეების მიერ შექმნილი მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ქრესტომათიები, საკითხავი წიგნები და სახელმძღვანელოები,  რომლებიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამედროვე კვლევებისა და სასწავლო მასალებისთვის. ამასთან, წარმოდგენილი სახელმძღვანელო წინამორბედებისგან განსხვავდება თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომით , რომლის მთავარი მიზანია ენის შემსწავლელის მიერ თურქული ენის ოთხივე ძირითადი კომპეტენციის — კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის — თანაბარი და სისტემური განვითარება.

 

სტრუქტურულად სახელმძღვანელო შედგება ოთხი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან: ძირითადი სახელმძღვანელოსგან, სამუშაო რვეულისგან, აუდიომასალისგან (CD) და ლექსიკონისგან, რაც უზრუნველყოფს სწავლების პროცესის ინტეგრირებულ და თანმიმდევრულ ორგანიზებას.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები და სავარჯიშოები აგებულია კულტურათშორისი კომუნიკაციის პრინციპების გათვალისწინებით. ეს კი  ქართველ ენის შემსწავლელს უკვე საწყის ეტაპზე აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს თურქულ კულტურულ რეალიებს და, ამავე დროს, შესაბამისი ენობრივი დონის ფარგლებში შეძლოს საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ საუბარი.

   

პირველი სამენოვანი (ქართულ-თურქულ-ინგლისური) სამეცნიერო კრებული „ქართული თურქოლოგიური კვლევები“ ელექტრონული ფორმატისაა. ამას პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საშუალებას იძლევა მოვიცვათ მკითხველთა უფრო ფართო სპექტრი. პირველი ნომერი გამოიცა სტამბოლში, გამომცემლობა Fenomen&RumeliYA ,ხოლო შემდგომი ნომრები უკვე თსუ-ის გამომცემლობის მიერაა გამოცემული. კრებულის მიზანია ახალგაზრდა ქართველ თურქოლოგებს მისცეს შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი კვლევები როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ხოლო ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული თურქოლოგიის თითქმის ასწლოვანი ისტორია და ის მეცნიერები, რომელთა საქმიანობამ მნიშვნელოვნად განაპირობა ქართულ-თურქული კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2025 წლის 14–16 ნოემბერს გამართული I საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც, მიუხედავად ქართული თურქოლოგიის საუკუნოვანი ტრადიციისა, პირველად განხორციელდა. სიმპოზიუმი მიეძღვნა პროფესორ ნოდარ ჯანაშიას 100 წლის იუბილეს და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე თურქოლოგებმა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში  ესწრებოდნენ თურქეთის წამყვანი აკადემიური ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის თურქული ენათა პალატის,  მარმარას უნივერსიტეტისა და ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები.  ყოველგვარი თავმდაბლობის გარეში შეიძლება ითქვას რომ ეს იყო მეცნიერების ზეიმი.

 

 საბოლოოდ, 2021–2022 წლებში  თსუ, ილიაუნისა და ავეიროს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ჩართულობით  განხორციელებული  ინტერდისციპლინური საერთაშორისო პროექტები („Sustainability – Best Practices from Georgia and Portugal“, „Wine – The Exchange of Cultural Experience“)   წარმოადგენდა უნიკალურ გამოცდილებას როგორც სტუდენტების, ისე მენტორებისთვის. პროექტებმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ გაიყვანა თსუ ევროპულ აკადემიურ არენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულმა პროგრამამ შესაძლებლობა შექმნა თურქული ენისა და კულტურის კომპარატივისტულ ჭრილში გააზრებისათვის და ინოვაციური ბიზნეს-ინიციატივების ფორმირებისთვის, საბოლოოდ კი აღნიშნული სტუდენტურ პროექტი წლის საუკეთესო, გამარჯვებულ პროექტად დაასახელა.

 

ამგვარად, ბოლო წლების განმავლობაში თურქოლოგიის მიმართულებით განხორციელებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ქართული თურქოლოგია არა მხოლოდ ინარჩუნებს ასწლოვან ტრადიციას, არამედ ქმნის სრულიად ახალ, თანამედროვე, მრავალმხრივ და ინოვაციურ მოდელს როგორც განათლების, ისე კულტურული დიპლომატიის სფეროში.

 

ენა, რომელზეც 180 მილიონი ადამიანი საუბრობს

 

დღევანდელ პროფესიულ ბაზარზე მნიშვნელოვანია კარიერული არჩევანი, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ ინტერესებსა და რეალური დასაქმების შესაძლებლობებს. ენები და ენობრივი კვლევები, კერძოდ თურქოლოგია, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას მათთვის, ვისაც აინტერესებს ენათმეცნიერება, ისტორია, კულტურა და კულტურათშორისი ურთიერთობები. თურქოლოგია არა მხოლოდ ენის შესწავლას გულისხმობს, არამედ მასთან დაკავშირებულ კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ კონტექსტებს. აღნიშნული მიმართულების შესწავლა ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიცნონ ახალი ქვეყნები და კულტურები, განავითარონ ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარები, დაამყარონ საერთაშორისო კავშირები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პროფესიულ გარემოში.

 

თურქული ენათა ოჯახი შედგება 40-მდე მონათესავე ენისგან. დღეს ამ ენაზე  დაახლოებით 180 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს რიცხვი ხაზს უსვამს თურქოლოგიის პრაქტიკულ მნიშვნელობას და მისი შესწავლის პროფესიულ პერსპექტივას. ამ მიმართულებით სპეციალობის არჩევა არა მხოლოდ ინტელექტუალურ ინტერესებს აკმაყოფილებს, არამედ ხელს უწყობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას და მათი შრომისუნარიანობის გაზრდას თანამედროვე ბაზარზე.

 

 მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც ხშირად ვუყვები სტუდენტებს  ფონეტიკის გაკვეთილებზე, რათა ნათლად მიხვდნენ რამდენად მნიშვნელოვანია თურქულ ენაში ხმოვნების დისტინქტური ფუნქცია. თურქულში ხმოვნებს სიტყვათგანმასხვავებელი მნიშვნელობა აქვთ, ამიტომ მათი არასწორი წარმოთქმა პირდაპირ აზრის ცვლილებას იწვევს. მაგალითად, განსხვავება მაგარ „O“-ს და რბილ „Ö“-ს შორის სრულად ცვლის წინადადების მნიშვნელობას: Baba oldum („ბაბა ოლდუმ“) – „მამა გავხდი“, Babam öldü („ბაბამ ოილდუ“) – „მამა მომიკვდა“.

 

თურქეთში ყოფნისას ერთი ქართველი სტუდენტი, რომელიც მამის გარდაცვალების გამო საქართველოში ჩასასვლელად ნებართვას ითხოვდა, ვერ გამოთქვამდა რბილი „Ö“ და წარმოთქვამდა მაგარ „O“-ს. შედეგად, დეკანმა ფრაზა გაიგო როგორც „მამა გავხდი“ და სტუდენტს გულწრფელად მიულოცა. გაოცებულმა სტუდენტმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა და დეკანის რეაქციაც იგივე იყო,  მართალია საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და დეკანმა მას სამძიმარი გამოუცხადა, მაგრამ თავიდან უდავოდ კომიკური სიტუაცია შეიქმნა.

 

ეს შემთხვევა ხშირად მომყავს, როგორც კარგი მაგალითი იმისა, რომ ერთი პატარა ფონეტიკური შეცდომაც კი სრულად ცვლის წინადადების აზრს, განსაკუთრებით ენებში, სადაც ხმოვნებს დისტინქტური ფუნქცია აქვთ. და, რა თქმა უნდა, ეს ცხადყოფს, რომ ფონეტიკურმა უზუსტობამ შეიძლება კომიკური  სიტუაციას  წარმოშვას.

 

სამომავლო გეგმები

 

ვფიქრობ, დაწყებული პროექტების გაგრძელებას და კიდევ უფრო დავხვეწას. ეს  საზაფხულო ბანაკის ორგანიზებას და „ქართული თურქოლოგიური კვლევების“ კრებულის სამეცნიერო რეფერირების უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართული თურქოლოგია განვითარდეს თანამედროვე, საერთაშორისო და კონკურენტული აკადემიური დარგის სახით, რომელიც არა მხოლოდ ინარჩუნებს თავის ისტორიულ ტრადიციას, არამედ ქმნის ახალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ვაპირებ თურქულ-ქართულ ინტერკულტურულ კვლევებში ახალი თემების ინიცირებას.  ჩემი სამომავლო საქმიანობა იქნება ორიენტირებული არა მხოლოდ არსებულის შენარჩუნებაზე, არამედ ქართული თურქოლოგიის ახალ ეტაპზე გადაყვანაზე, როგორც აკადემიური, ასევე საერთაშორისო დონის კვლევითი თვალსაზრისით.

თარიღი: 28/01/2026